ორშაბათი, 13.05.2024, 00:35
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » 2010 » ნოემბერი » 13 » გიორგი შერვაშიძე
20:48
გიორგი შერვაშიძე

გიორგი შერვაშიძე (ჩაჩბა), ზოგ შემთხვევაში გიორგი შარვაშიძე (დ. 17 ან 25 სექტემბერი, 1846 – გ. 19 თებერვალი, 1918) – უბრწყინვალესი თავადი, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის, უბრწყინვალესი თავადის მიხეილ შერვაშიძის (ხამუთ-ბეი) და თავადის ასულ ალექსანდრა (ცუცუ, კესარია) დადიანის ვაჟი, აფხაზი და ქართველი პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, თერგდალეულთა თანამოაზრე.

გიორგი შერვაშიძე ბწყინვალედ იცნობდა საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, აფხაზეთის ისტორიასა და ფოლკლორს. წერდა სამ – აფხაზურ, ქართულ და რუსულ ენებზე. მისი მსოფლმხედველობა ჩამოყალიბდა ქართული, რუსული და ევროპული აზროვნების წიაღში. იყო ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, სერგეი მესხის და სხვათა თანამოაზრე. მათთან ერთად იბრძოდა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის, საერთოეროვნული ფასეულობების, ენისა და კულტურის განვითარებისთვის, ქართველი და აფხაზი ხალხების ისტორიის ფალსიფიკაციის გამოვლენისათვის, ორი მოძმე ერის ეროვნული ფესვებისა და მათი ურთიერთობების შენარჩუნებისთვის.[1]

გიორგი შერვაშიძეს ჯერ კიდევ ყრმას (1.01. 1847 წ.) მიენიჭა პრეობრაჟენსკის პოლკის ლეიბ-გვარდიის პრაპორშჩიკის წოდება. 1863 წლის 10 ივნისს გახდა კავკასიის ჯარების სარდლის, დიდი მთავრის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის ადიუტანტი.[1]

1864 წლის 24 ივნისს კავკასიის მთავარმართებლის ბრძანებით, მიხეილ შარვაშიძესა და მის მემკვიდრეებს ჩამოერთვათ უფლებები სამთავროზე, გაუქმდა აფხაზეთის სამთავრო და აფხაზეთში პირდაპირი რუსული მმართველობა დამყარდა – შეიქმნა სოხუმის სამხედრო განყოფილება. შერვაშიძეთა მემკვიდრეობით კუთვნილი მთელი ქონება დაურიგეს აფხაზთმოძულე ჩინოვნიკებს. 1866 წლის ივლისში, როდესაც რუსი ჩინოვნიკების განუკითხაობამ აფხაზეთში ზღვარს მიაღწია, საგლეხო რეფორმის გატარების მზადებისას დიდმა აჯანყებამ იფეთქა (26 ივლისი). აჯანყებულმა აფხაზებმა 20 წლის გიორგი შერვაშიძე მთავრად გამოაცხადეს,[1] მაგრამ, იმავე წლის აგვისტოში რუსებმა, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორ დიმიტრი სვიატოპოლკ-მირსკის მეთაურობით, აჯანყება სასტიკად ჩაახშეს, რასაც აფხაზთა მასობრივი გადასახლება მოჰყვა თურქეთში. ამ მოვლენას ისტორიოგრაფია "მუჰაჯირობის" სახელით იცნობს.[2]

შერვაშიძე მკაცრად აკრიტიკებდა რუსული მთავრობის პოლიტიკას, ურჩევდა ტაქტიკის შეცვლას და ხალხის ტრადიციებისადმი პატივისცემას. ამის გამო ის რუსეთში, ორენბურგში გადაასახლეს, როგორც აჯანყების ინტელექტუალური მონაწილე, კავკასიაში დაბრუნების უფლების გარეშე.[3][4]

რუსეთში გადასახლებისას მსახურობდა ორენბურგის კაზაკთა პოლკში, ოდესის სამხედრო ოლქში. 1872–1875 წლებში გადადგა სამხედრო სამსახურიდან. აფხაზეთის აჯანყების გამოძიების შედეგად, 9 წლის შემდეგ, იგი ცნეს უდანაშაულოდ და მისცეს გადასახლებიდან საქართველოში დაბრუნების უფლება, მაგრამ აფხაზეთში ჩასვლა აკრძალული ჰქონდა 1905 წლამდე.

1875 წლის 10 თებერვლის საიმპერატორო ბრძანებულებით (სახელმწიფო საბჭოს წინადადების გათვალისწინებით) გ. შერვაშიძეს შეუნარჩუნდა უბრწყინვალესი თავადის ტიტული (მამამისის, მიხეილ შერვაშიძისთვის 1834 წელს მინიჭებული), ხოლო მის შთამომავლობას, ძმას – მიხეილს, და მამის ძმებს – კონსტანტინეს და ალექსანდრეს და მათ შთამომავლობას მიენიჭათ ბრწყინვალე თავადის ტიტული.[1][5]

1875 წლის 17 ივნისს დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის ადიუტანტად. 1876 წლის 17 ივნისიდან იყო ჰუსართა პოლკის ლეიბ-გვარდიის შტაბს-როტმისტრი; 1879 წლის 7 აპრილიდან – ფლიგელ-ადიუტანტი.

1879 წელს, იმპერატორ ალექსანდრე III-ს ქუთაისში სტუმრობისას გიორგი შერვაშიძე, სხვა რუსული რეჟიმისთვის არასანდო პირებთან ერთად გაასახლეს ქუთაისის გუბერნიის ტერიტორიიდან. ამ ფაქტთან დაკავშირებით შერვაშიძემ წერილით მიმართა იმპერატორს, სადაც აღნიშნავდა: «რადგან მეფის მთავრობა მე იმდენად არ მენდობა, რომ იმ ქალაქში, სადაც იმპერატორი ჩადის, ჩემი ყოფნა საშიშად ითვლება, მე არ ვთვლი საჭიროდ, ვატარო ფლიგელ-ადიუტანტის წოდება.[3]»


1880–1881 წლებში შერვაშიძე იყო მისი საიმპერატორო უდიდებულესობის სვიტის წევრი. 1887 წლის 30 აგვისტოს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ გიორგი შერვაშიძე ქუთაისში ცხოვრობდა, რადგანაც აფხაზეთში ჩასვლის უფლება არ მისცეს. მშობლიურ ქალაქში, სოხუმში დაბრუნების უფლება მხოლოდ 1905 წელს მიიღო. გარდაცვალებამდე ცხოვრობდა ქ. სოხუმში, არქიტექტორ ვილჰელმ-ფრანც კოვალსკის მიერ 1905 წელს აშენებულ სახლში (დღეს ლასურიას ჩიხი. შემდეგ აქვე ცხოვრობდა გ. შერვაშიძის ბიძაშვილი, სცენოგრაფი ალექსანდრე კონსტანტინეს ძე შერვაშეიძე, 1919 წელს საფრანგეთში ემიგრაციამდე).[6]გიორგი შერვაშიძე გარდაიცვალა 1918 წლის 19 თებერვალს. დაკრძალულია მოქვის ტაძარში, თავად შერვაშიძეთა საგვარეულო საძვალეში.[3] (სხვა არასარწუმონო ინფორმაციით – სოფელ ლიხნში).


გიორგი შერვაშიძე რუსეთისა და ბოლშევიზმის შესახებ 

1877-1878 წლებში აფხაზთა მასიურმა გამოსვლებმა თურქეთის მხარეს რუსეთის საწინააღმდეგოდ რუსეთ-თურქეთის ომში, გამოიწვიეს ახალი ძალადობრივი, მკაცრი რეპრესიები: 1878 წელს სოხუმის სამხედრო განყოფილებას მმართველმა პ. არაკინმა მთელი "აფხაზური” მოსახლეობა „დამნაშავე ხალხად" ოფიციალურად გამოაცხადა. აფხაზებს პოლიტიკური „არაკეთილსაიმედოობის გამო" ეკრძალებოდათ იარაღის ტარება, მათ არ იწვევდნენ სამხედრო სამსახურში, მაგრამ, სამაგიეროდ, დამატებითი ფულადი გადასახადები შეაწერეს. რუსეთის მეფის 1880 წლის 31 მაისის განჩინებით ათასობით აფხაზი იქნა გადასახლებული რუსეთის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ გუბერნიებში: მუჰაჯირთა ტალღამ მარტო აფხაზებში 50 ათასს მიაღწია. თითქმის მთლიანად დაცარიელდა ცენტრალური აფხაზეთი მდინარე კოდორიდან მდინარე ფსირცხამდე და ოდესღაც აფხაზებით დასახლებული მიწები თანამედროვე ადლერის, გაგრის, სოხუმის, გულრიფშის რაიონებში. მხოლოდ 1907 წელს, ნიკოლოზ II-მ აფხაზეთის თავად გიორგი შერვაშიძის თხოვნითა და მარია თეოდორეს ასულის შუამდგომლობით, აფხაზებს „დამნაშავე ხალხის" სტატუსი ოფიციალურად მოუხსნა.[7][8] ამ მოვლენებს გულისხმობდა გიორგი შერვაძე, როდესაც მან სიკვდილის წინა დღეს, 1918 წლის 18 თებერვალს წერილით მიმართა აფხაზ ხალხს, რომელშიც აკრიტიკებდა რუსეთს და ბოლშევიზმს. კერძოდ, იგი წერდა: «ძმებო აფხაზებო! ჩვენი მამები, ბიძები და ძმები იბრძოდნენ, იტანჯებოდნენ და კვდებოდნენ სამშობლოს ღირსებისა და თავისუფლებისათვის. მათ ამაყ, თავისუფალ სულს არ შეეძლო და არ უნდოდა დამორჩილებოდა რუსული ხელისუფლების დამთრგუნველ ძალას; არ შეეძლო დაეშვა საუკუნეებით ნაკურთხი მათი წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების გათელვა და ისინი იარაღით ხელში აჯანყდნენ მაშინდელი ძლევამოსილი რუსეთის წინააღმდეგ. ბევრმა მათგანმა მშობლიური აფხაზეთისთვის ამ ბრძოლაში სიკვდილი მიიღო, ათასობით მათგანი იტანჯებოდა ცივ ციმბირში და რუსეთში, ხოლო ბევრი ათობით ათასი, უთანასწორო ბრძოლით სასოწარკვეთილი, თურქეთში წავიდა, მაგრამ მოძალადის წინაშე თავიანთი ამაყი, ღირსეული თავიები არ მოუდრეკიათ.[3]»


გიორგი შერვაშიძის სახლი სოხუმში

ბოლშევიკების შესახებ შერვაშიძე აგრძელებდა: «დადიან მთელ რუსეთში და იქიდან კავკასიაშიც ადამიანები, რომელთაც ხალხთა ინტერესების დამცველად მოაქვთ თავი და ამიტომაც ქადაგებენ ყველა ადამიანის თანასწორობას ყველა უფლებებით, მათ შორის ქონებით, რაც არსად არ არის, მთელ დედამიწაზე და არც შეიძლება იყოს. ეს ადამიანები აღძრავენ ნაკლებად მდიდარ ხალხს უფრო მდიდრების წინააღმდეგ, მუშებს პატრონების წინააღმდეგ, ისეთ არეულობას ქმნიან საზოგადოებრივ ცხოვრებში, რომ ირღვევა ხალხთა მთელი ისტორიული წყობა. ...ეს მქადაგებლები იქამდე მიგვიყვანენ, რომ შვილი პატივს აღარ სცემს მშობლებს, ძმა ძმას წაეკიდება, მეზობელი მეზობელს მოიძულებს, არ იქნება არც უფროსი, არც უმცროსი, დაიკარგება წეს-ჩვეულებები, ზნეობა და ტრადიციები, რომლებითაც აფხაზებმა სახელი გაითქვეს, როგორც ყველაზე კეთილშობილმა, ღირსეულმა ხალხმა მთელ კავკასიაში; ...ხოლო ჩვენ, აფხაზები ავითქვიფებით სხვა ხალხებში და დავკარგავთ ჩვენ ქვეყანას. აი, რა გველოდება! და ვინ არიან ეს მქადაგებლები? წიგნის ბიჭ-ბუჭები, რომლებიც არად დაგიდევენ თავისი ხალხის არც ისტორიას და კულტურას, არც კანონებს, რომლებზედაც მთელი სამყარო დგას და უნდათ იმის დამკვიდრება, რაც რამდენიმე წიგნში ამოიკთხეს და რასაც არავითარი ნიადაგი არ აქვს ჩვენ ქვეყანაში.[3]»


გიორგი შერვაშიძის გარდაცვალებიდან სულ რამოდენიმე თვეში აფხაზმა კომუნისტმა ეფრემ ეშბამ სოხუმში ბოლშევიკური სამხედრო კომიტეტი ჩამოაყალიბა.[9] შერვაშიძის სიკვდილისწინა მიმართვა აფხაზი ხალხისადმი დაგვიანებული აღმოჩნდა.

ბოლშევიზმი და სოციალიზმი გაკრიტიკებულია ასევე შერვაშიძის სხვა წერილშიც, სათაურით – "სოციალიზმი საქართველოში" (დაიბეჭდა გაზეთში – "საქართველო", 25–29 ივნისი, 1917), სადაც ის საქართველოს, ივერიას "ჩვენ სამშობლოს" უწოდებს.[10]

გიორგი შერვაშიძე — საქართველო და ქართული კულტურა

გიორგი შერვაშიძე იყო ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, სერგი მესხის და სხვათა თანამოაზრე. მათ ყველა ეროვნულ საქმეში გვერდით ედგა, მათთან ერთად იღვწოდა საერთო ეროვნული შეგნების, მშობლიური ენისა და კულტურის განვითარებისათვის. მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს საზოგადოებრივ და ლიტერატურულ ცხოვრებაში.

1870-იანი წლებიდან მისი ლექსები, პუბლიცისტური წერილები და პოემები იბეჭდებოდა ქართული პრესაში. აქტიურად მოღვაწეობდა თეატრალურ სფეროში. თბილისში იდგმებოდა მისი პიესები, აქვეყნებდა თეატრალურ რეცენზიებს, რითიც დიდი ამაგი დასდო ქართული ეროვნული თეატრალური კულტურის განვითარებას. გიორგი შერვაშიძე ზედმიწევნით ღრმად იცნობდა ქართულ ლიტერატურას და თვითონაც წერდა შესანიშნავ ლექსებს ქართულ ენაზე.[11]

ცნობილია გიორგი შერვაშიძის წერილი გერმანული გაზეთის – Вегlinег Таgeblatt–ის რედაქციის მისამართით, ქართველი და აფხაზი ხალხების ღირსების დასაცავად. კერძოდ, წერილში აღნიშნულია: «დიახ, ჩვენ ჩამოვრჩით ცივილიზაციას, არ გვყავს არც სუტენიორები, არც შანტაჟისტები, არც აფრიკელი საქმოსნები და ა. შ. და ბ–ნი ლორენცი მეტად რომ ჩაწვდომოდა ყოფით მხარეებს, ის გაიგებდა ამას და ბევრ სხვასაც; რომ ქართველები – რაინდები, რომლებიც ჯვაროსნულ ლაშქრობაში მიდიოდნენ პირველქრისტიანობის დასაცავად, შიშველი ხმლებით იდგნენ კავკასიის კარიბჭესთან 15 საუკუნის განმავლობაში არა იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებში შეჭრილიყვნენ და სხვისი ქონება მიეტაცათ, არამედ მამულის დასაცავად, ქრისტიანული კულტურის და სამოქალაქო ყოფის დასაცავად; გაიგებდა ასევე, რომ ქართველებს აქვთ უმდიდრესი ძველი ეპიკური ლიტერატურა, რომელიც მსოფლიო თხზულებებს ედრება; გაიგებდა, რომ ქართველ მეფეთა იერარქიაში და ხალხში გვხვდება არაჩვეულებრივი გმირებისა და გენიალური სიბრძნის ადამიანთა სახელები და ა. შ. და ა. შ.[12]»


გიორგი შარვაშიძე საქართველოს "ჩვენ სამშობლოს ივერიას" უწოდებდა და მისი კულტურის თავგამოდებული დამცველი იყო. მის ამ განწყობას ნათლად ადასტურებს შემდეგი სიტყვებიც: «...ჩვენს სამშობლო ივერიას ყოველგვარი დიდი კულტურული განცდა გამოუვლია. მაგრამ ჩვენი წარსული ისეთ ჟამს გაშეშდა, რომ დაგვებნა ბუნებრივი ევოლუციის შარა და კანონი. დიაღ, ჩვენ შეგვიძლია თამამადაც ვთქვათ, რომ იღბალის უკუღმართობას ხელი არ შეეშალა, ევროპის წინათაც ვიქნებოდით ჩვენ დღეს; ვინაიდან როდესაც ანდრია მოციქული აქ ქრისტეს მცნებას გვიქადაგებდა, ევროპაში თვით დუკებსაც კამეჩის ტყავი ეცვათ ტანზე და ფეგიორგი შერვაშიძის, როგორც ქართველი მოღვაწის, საქართველოზე, ქართულ ენაზე, მშობლიურ ქართულ მწერლობაზე მზრუნველი კაცის სახე არაჩვეულებრივად წარმოჩნდა მის პუბლიკაციაში: "ქართული ენის გარშემო" (1915). სტატიაში ის ქართული სამწიგნობრო ტრადიციების აქტიური დამცველის როლში გვევლინება. მას არ მოსწონს "სხვათა ენიდან უხეშად თარგმნა სიტყვისა და მიბაძვით გადმოლაგება სხვათა გონებრივი ვინაობისა". მისი აზრით, ეს "სამშობლო ენის გადაგვარე­ბისადმი" მისწრაფების გამოხატულებაა. იგი მეტად შეწუხებულია, აგრეთვე, ქართულში უცხო სიტყვების უსისტემო მომ­რავლებით. მწერლის აზრით, უცხო სიტყვებსა და ტერმინებს "უნდა მივმართოთ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, მაშინ როცა დასტურ ქართულად არ ითქმება აზრისა შინაარსი... დიაღ, საჭიროა ვეცადოთ ჩვენს ენას შევსძინოთ, გავამდიდროთ და არა გადავაშენოთ, გარდავაგვაროთ".

გიორგი შერვაშიძის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ და კულტურულ-პოლიტიკურ თვითშეგნებას ნათლად წარმოაჩენს მისი გამოსვლა ე.წ. "აფხაზი ხალხის ყრილობაზე" 1917 წლის 8 ნოემბერს. ანტიქართულად განწყობილი აფხაზი ნაციონალისტი ლიდერების მიერ მოწვეულმა ამ თავყრილობამ აფხაზი ხალხის მომავალი ე.წ. "კავკასიის გაერთიანებულ მთიელთა კავ­შირს" დაუკავშირა. "ყრილობის" მკვეთრად გამოხატულმა ანტიქართულმა პათოსმა ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეთა პროტესტი გამოიწვია. გიორგი შერვაშიძემ აფხაზურ ენაზე მიმართა "ყრილობის" მონაწილეებს, აუხსნა მათ რუსეთში განვითარებული მოვლენების არსი, მიულოცა თავისუფლების მოახლოება და ქართველ ხალხთან მეგობრობისა და თანამშრომლობისაკენ მოუწოდა: "თქვენ თქვენს უფროს ძმებს მიჰყევით, მათთან ერთად იმოქმედეთ და იბრძოლეთ თავისუფლების მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად. ვიცი, ზოგი­ერთებს არ მოეწონებათ ჩემი ასეთი აზრი, რადგან ისინი მოსკოვისაკენ იყურებიან, მე კი – თბილისისაკენ. სხვა გზა არ არის და არც ყოფილა აროდეს აფხაზეთისათვის, გარდა საქართველოსთან მჭიდრო კავშირისა და მასთან ყოფნისა განუყრელად ჭირში და ლხინში". ამ განცხადების შემდეგ თა­ნამოძმეთა ანტიქართული დემარშით გაწბილებულმა გიორგი შერვაშიძემ დატოვა დარბაზი და შემდგომ არც მობრუნებულა. ამ ამბიდან სულ რაღაც სამ თვეში - 1918 წლის 19 თებერვალს - საქართველო შეძრა სოხუმიდან მოსულმა ცნობამ, რომ დიდი მამულიშვილი გარდაიცვალა.[14]

ცნობილმა ქართველმა მოღვაწემ, სოხუმის ქალაქის თავმა ნიკო თავდგირიძემ გიორგი შარვაშიძის დაკრძალვაზე თქვა: „იმ აბხაზებმა, რომლების ღირსებას უცხოელები შენით პატივს ცემდნენ, რომლების თავისუფლებისათვის შენ შესწირე მთელი შენი დიდებული კარიერა, ყოველივე შენი ქონება, სიმდიდრე, შენი აქ ჩამოსვლა ვერც კი შეამჩნიეს... შენი აქ ყოფნით ვერ ისარგებლეს... შენდამი უყურადღებობა სწორედ დანაშაულება იყო... რა უსამართლობა, რა ირონია ცხოვრების: მთელი შენი მშვენიერი, მომხიბლავი ახალგაზრდობის ძალა, არა ჩვეულებრივი განსაკუთრებული უპირატესო­ბით აღსავსე გარემოება მსხვერპლად შესწირე იმას, რომ შენს პატარა, მაგრამ შენთვის ცხოვრებაში ერთად-ერთ საფასურ-განძს - აბხაზეთს თავისუფ­ლება მოვლინებოდა და შენ უკანასკნელი თავის ძალით, როგორც ბიბლიური სიმონი მიჰგებებოდი მას, მაგრამ შენმა საყვარელმა ხალხმა-აბხაზებმა გვერდი აგიხვია, ვერ შეგამჩნია შენ და იმ რუსის აღზრდა-აზროვნება-მიმართულებით გაჟღენთილ ადამიანებს მიჰყვა, რომელთან ბრძოლას შენი ხალხის დაჩაგვრისათვის მთელი შენი კაცთა შორის აღიარებული ბედნიერება შესწირე".[14]
აფხაზეთის ეპარქიის საკითხი


XIX საუკუნის 50-იან წლებში აღდგა აფხაზეთის საეპისკოპოსო, რომელსაც 1885 წლამდე განაგებდნენ ქართველი მღვდელმთავრები. 1885 წლიდან სოხუმის ეპარქიის სახელით აღმდგარ აფხაზეთის ეპარქიას ანტიქართული ორიენტაციის რუსი ეპისკოპოსები მართავდნენ. რუსეთის ხელისუფლების რეაქციული გეგმა აფხაზეთში ეროვნული დაპირისპირებისა და მტრობის გაღრმავებას ითვალისწინებდა. XX საუკუნის დასაწყისში, როდესაც რეალურად დადგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხი, რუსეთის უწმიდესი სინოდისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა აფხაზეთის ეპარქიის საქართველოდან ჩამოშორება განიზრახეს, - 1916 წელს აფხაზეთის ეპარქიის დედა ეკლესიიდან მოკვეთასა და მისი რუსეთის სინოდისადმი დაქვემდებარებას შეეცადნენ. აფხაზი პატრიოტებისა და სამღვდელოების თბილისში მეფისნაცვალთან ჩამოსულმა სპეციალურმა დეპუტაციამ პეტიცია წარმოადგინა, რომელშიც კატეგორიულად მოითხოვდნენ, რომ სოხუმის ეპარქია, რომლიც მთელი წარსულით და აწმყოთი შესისხლხორცებულია საქართველოს ეკლესიასთან, არავითარ შემთხვევაში არ გამოყოფილიყო საქართველოს საეგზარქოსოდან. პეტიციის ტექსტის ავტორი გიორგი შერვაშიძე იყო.[15][16]

გიორგი შერვაშიძე იყო პირველი ეროვნებით აფხაზი მწერალი, რომელიც უპირატესად წერდა ქართულად (შექმნილი აქვს რამდენიმე რუსულენოვანი თხზულებაც).[18]

1870-იანი წლებიდან გიორგი შერვაშიძის ლექსები, პუბლიცისტური წერილები, პოემები იბეჭდებოდა ქართული პრესაში ("დროება”, "ივერია”, "სამშობლო”, "თეატრი და ცხოვრება”). აქტიურად მოღვაწეობდა თეატრალურ სფეროში. 1881 წელს თბილისში დაიდგა მისი პიესა "მომაკვდავნი სურათნი”, 1915 წელს – "გიორგი მესამე”, აქვეყნებდა თეატრალურ რეცენზიებს.

გიორგი შერვაშიძე ზედმიწევნით ღრმად იცნობდა ქართულ ლიტერატურას და თვითონაც წერდა შესანიშნავ ლექსებს ქართულ ენაზე.[19] მისი პოეტური შედევრია "ვარადა" (აფხაზური მისამღერი), რომელსაც სიმონ ჯანაშიამ "უშინაგანესი ლირიკული მღელვარების პოეტური შენივთება" უწოდა:[14]" "განგებავ! ამას ნუ მიწყენ,
ვერ გადავგვარდე გვარადა,
ხანდისხან წავიღუღუნო
მამაპაპური ვარადა.
ესე ღუღუნი სიმღერა
არაა გასახარადა,
ისა ჰგავს დედის საფლავზე
ობლისა მოთქმას მწარადა...". ”


გიორგი შერვაშიძის, როგორც საქართველოს დიდი პატრიოტისა და მამულიშვილის ეროვნული სატკივარი გადმოცემულია ლექსში "პასუხი ვ.ო.", რომელიც მას ბათუმში დაუწერია. ამ ნაწარმოებით ავტორი გამოეხმაურა გაზეთ "დროებაში" (№1, 1883 წ.) გამოქვეყნებულ ვახტანგ ორბელიანის ლექსს - "ამერ-იმერს". "პასუხი ვ.ო." ცენზურის ზეწოლის გამო ვერ დაბეჭდა "დროებამ". გიორგი შერვაშიძე უერთდება მეგობარი პოეტის პატრიოტულ სულისკვეთებას და გულისტკივილით იგონებს იმ დროს, როდესაც საქართველო იყო ერთიანი:" "...დიაღ, მოგასწროს ის ბედნიერი
დღე, როცა ხალხში შეერთებული,
ძველებურათა ძველი ივერი
შეიქმნას მძლე და სახელ-ქებული
და საქართველოს ყოველ კუთხიდამ
ლხინის საყვირთა გვესმას ტკრციალი;
იმერთა მღერა მთისა ლიხიდამ,
ამერს დასძახდეს იარი-იალალი!..
დე, ნუღარ ვიყო მაშინ ცოცხალი
და ნუღარცა სცემს ტანჯული გული,
ეხლავ წინდაწინ ოცნებით მთვრალი
შენთან გახლავარ, ძმავ ალლა-ვერდი!" ”


გიორგი შერვაშიძე ძლიერ განიცდიდა, რომ ქართველობაში დაიკარგა ერთიანობის შეგრძნება, ქვეყანა მოიცვა შურმა და დაპირისპირებამ:" "რაღაც პაწია დასები, აზრები აჭრელებულნი,
ვაჰმე სად არი ქართველი ძველის ძველიდან ქებული".'' ”


1946 წელს ქ. სოხუმში გამოიცა გიორგი შერვაშიძის (შარვაშიძე) თხზულებათა კრებული სათაურით – "ლირიკა, ეპოსი, დრამა", ხოლო 2006 წელს ქ. ქუთაისში გამოიცა მისი თხზულებათა ორტომეული.

კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 1384 | დაამატა: kote-112 | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 2
2 ჯიჯი  
0
::დ :დ რა ა ეს

1 kote-112  
0
au ramdeni viwvale biggrin biggrin biggrin biggrin

სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
მოძებნე