სამშაბათი, 14.05.2024, 08:27
მოგესალმები სტუმარი | RSS

იკა_ს ბლოგი :))

მთავარი » 2010 » მარტი » 28 » "მათ მითხრეს, რომ საქართველოში მიწისძვრა მოხდებოდა"
21:00
"მათ მითხრეს, რომ საქართველოში მიწისძვრა მოხდებოდა"
ბოლო დროს ინტერნეტსაიტებზე უცხოპლანეტელების შესახებ ინფორმაციები მომრავლდა. სტატიების ავტორები ამტკიცებენ, რომ უახლოეს მომავალში დედამიწას უცხო პლანეტებიდან "სტუმრები" ეწვევიან, რომლებიც ადამიანებთან კონტაქტსაც დაამყარებენ. ამ სტატიებს ბევრი სკეპტიკურად უყურებს, რადგან უცხოპლანეტელების არსებობა არ სჯერათ.

პარანორმალური მოვლენების მკვლევარმა, გოჩა დანელიამ თავის წიგნში "დედამიწის ცქერით დაიღალა მთვარე" ბევრი ისტორიული ფაქტი აღწერა, სადაც სწორედ ამო–ზე, ანუ ამოუცნობ ობიექტებსა და დედამიწის "სტუმრებზეა" საუბარი. ავტორის ნებართვით, ამ წიგნიდან რამდენიმე ამონარიდს გთავაზობთ.

"ამო–ს ადრეული გამოსახულებები ესპანეთის, საფრანგეთის და ჩინეთის გამოქვაბულებებშია შემორჩენილი. მათი წლოვანება 10–15 ათასი წელია. ვარსკვლავებში გაფრენის შესახებ უძველეს დროში ძალიან ბევრს წერდნენ. საფრენ მანქანებზე საუბარია ძველ ტიბეტურ ტექსტებში, ეგვიპტურ პაპირუსებსა და ინდიელთა ლეგენდებში. ძველი ქრონიკები დაწვრილებით აღწერენ კოსმოში მოგზაურობას და მონაყოლს ნახატებითა და აპარატების აღწერილობით ადასტურებენ.

ერთ–ერთ ადრეულ წერილობით საბუთად, სადაც ამო–ა მოხსენიებული, მიჩნეულია ეგვიპტის V|| დინასტიის ფარაონის, თემოს მესამის მატიანე. მისი ტექსტი ასეთია: "ზამთრის მესამე თვეს, წელსა 27, დღის 6 საათზე ციდან ჩამოეშვა ცეცხლოვანი რგოლი. იგი ელვარებდა მზეზე მეტად. ადამიანები მუცელზე გაწვნენ, შემდეგ კი გაემართნენ ფარაონისკენ. მისი უდიდებულესობა ჩაფიქრდა, რადგან ასეთი მოვლენა სულ უფრო ხშირად მეორდებოდა. ფარაონი ჯართან ერთად ცისკენ იყურებოდა. ვახშმის შემდეგ რგოლები ზევით, სამხრეთის მიმართულებით გაუჩინარდნენ. ფარაონმა გუნდრუკის კმევა ბრძანა, რათა დედამიწაზე სიმშვიდეს დაესადგურებინა და ფაქტი "სიცოცხლის წიგნში" ჩაწერა".

ჩვენს ერამდე V|| საუკუნის წყაროებში ხშირადაა ნახსენები იეზიკიელის მიერ დანახული ცეცხლოვანი ეტლი, რომელიც დაეშვა დედამიწაზე და თვითმხილველი ბორტზე აიყვანა. "ეტლის შუაგულიდან გამოჩნდა ადამიანის მსგავსი ოთხი ცხოველი", – იტყობინება წყარო. მონათხრობი, განსაკუთრებით კი ეტლის დაჯდომა და აფრენა, რეალურს უახლოვდება.

ბელგიელმა მისიონერმა, ალბერტ დორვილმა ტიბეტის ქალაქ ლხასაში ასეთი ჩანაწერი გააკეთა: "1661 წლის ნოემბერში ჩემი ყურადღება ცაზე მოძრავმა საგანმა მიიპყრო. ჯერ მეგონა, რომ ეს უცნობი ჯიშის ფრინველი იყო, მაგრამ ახლოს მისვლისას სხეულმა ჩინური შლაპის ფორმა მიიღო. ის ნელ–ნელა ბრუნავდა. ქალაქის თავზე ორი წრე დაარტყა და გაუჩინარდა. ჩემს თავს ვეკითხებოდი, სიმაღლის გამო ხომ არ მომეჩვენა, მაგრამ ლამას რომ ვკითხე, დაინახა თუ არა, თავი დამიქნია და მითხრა: "შვილო ჩემო, რაც დაინახე, ჯადოსნობა არაა. სხვა სამყაროს არსებები არიან, რომლებიც ასწლეულების მანძილზე გვსტუმრობდნენ. მათ განავითარეს დედამიწის პირველი ადამიანები... ჩვენ მათი კარგად გვესმის. ისინი ხშირად ეშვებიან ჩვენს მონასტრებთან და გვასწავლიან იმას, რამაც წარსულის კატაკლიზმების დროს სამყარო შეცვალა".

უძველეს ჩინურ ხელნაწერებში ჩვენს ერამდე V| საუკუნეში დედამიწაზე ამო–ს სტუმრობის ფაქტია აღწერილი. ერთ–ერთი ჰუმანოიდი, ხუან დი გარკვეული დროით იმპერატორიც კი გამხდარა. მან ჩინელებს ჭის გათხრა, მუსიკალური ინსტრუმენტების დამზადება, ნემსის ჩხვლეტით მკურნალობა და ბევრი სხვა რამ ასწავლა. შემდეგ კი თავის 70 თანატომელთან ერთად "დრაკონზე ამხედრებული" სიუნიუნას თანავარსკვლავედზე გაფრინდა.

დღემდე გამოუცნობი რჩებოდა, თუ როგორ დაამარცხა მშვილდ–ისრებით შეიარაღებულმა სიუს ტომმა 1876 წელს პოლკოვნივ კასტერის კბილებამდე შეიარაღებული რაზმი. ინდიელთა ლეგენდის მიხედვით, მათ ამ ბრძოლაში ღმერთები დაეხმარნენ. არქეოლოგმა ანუელა ბრუერმა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს კრიპტოგრაფმა უოლტერ ფრობერმა არ დაიზარეს და ეს ვერსია შეამოწმეს. ბრძოლაში დაღუპულ ამერიკელ ჯარისკაცთა თავის ქალები გულდასმით შეისწავლეს. მათი უდიდესი ნაწილი გამდნარ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ეს მხოლოდ მძლავრი ლაზერული სხივის გამოყენებით იყო შესაძლებელი, რაც უცხოპლანეტელთა ნახელავზე მიუთითებს.

გერმანელმა არქეოლოგებმა ტიგრომისის ნაპირებთან მიაკვლიეს ელექტრობატარეებს, რომლებსაც გალვანურ ელემენტს და ვოლტზე 2.000 წლით ადრე იყენებდნენ. ჭურჭელში მჟავისგან შეჭმული ლითონის ცილინდრები იყო. გალვანური ელემენტი აღადგინეს და დენი გამოიმუშავა.

1967 წლის 13 ოქტომბერს საბჭოთა არმიის ქვედანაყოფებმა რაკეტით ჩამოაგდეს თეფშის მაგვარი ობიექტი. ნამსხვრევებიდან 5 ტანდაბალი ჰუმანოიდი გამოვიდა. ისინი ერთ ჯგუფად შეგროვდნენ და ბურთისმაგვარ მასად იქცნენ. მასა აგუგუნდა და აფეთქდა. როცა ყველაფერი ჩაწყნარდა, გაირკვა, რომ 25 სამხედრო მოსამსახურიდან მხოლოდ ორი გადარჩა, 23 კი გაქვავდა. უცნობი ენერგიის წყალობით, შეიცვალა დაღუპულთა რბილი ქსოვილების და შინაგანი ორგანოების სტრუქტურა.

* * *

ჟურნალისტი და ხელოვნებათმცოდნე ნონა ჯაჯანიძე ამტკიცებს, რომ გასული საუკუნის 90–იან წლებში უცხოპლანეტელებთან კონტაქტი ჰქონდა. მისივე თქმით, დედამიწის "სტუმრებმა" მას ბევრი რამ ასწავლეს. მისი თქმით, უცხოპლანეტელებმა დედამიწა რამდენიმე წლით დატოვეს, ახლა კი ისევ უკან ბრუნდებიან. ქალბატონი ნონა რედაქციაში უამრავი მასალით, მათ შორის უცნაური ხელნაწერებით მობრძანდა. მისი თქმით, ეს ხელნაწერები, არც მეტი, არც ნაკლები, უცხოპლანეტელებს ეკუთვნით.

– ქალბატონო ნონა, როგორ დაიწყო თქვენი კონტაქტი უცხოპლანეტელებთან?

– პირველი შეხება 1990 წლის აპრილში მქონდა. მაშინ ერთ–ერთი გაზეთის რედაქტორი ვიყავი. იმ პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიაში ერთ–ერთ ოჯახში უცნაური რაღაცეები ხდებოდა. სკოლის მოსწავლე გოგონა უცნაურ არსებებს ხედავდა, სახლშიც სხვადასხვა ნივთი ცვიოდა. თითქოს უჩინარი ხელი რაღაცეებს ისროდა. ეს ამბავი მთელ საქართველოში გახმაურდა. ტელევიზიებში სიუჟეტებიც გაკეთდა. მე, როგორც ჟურნალისტს, გურიაში ჩასვლა მინდოდა, მაგრამ ცოტა ხანში შემატყობინეს, ის გოგონა რუსთავში ჩამოიყვანესო. მეც რუსთავში ვცხოვრობ. გამიხარდა, იმ გოგონას სანახავად შორს წასვლა რომ არ დამჭირდა.

– გოგონას სახლში რა ნახეთ?

– ნამდვილად უცნაური რაღაცეები ხდებოდა. ჩვენ წინ საგნები "დაფრინავდა". იმ დღეს შვილები სახლში ვერავის დავუტოვე. ამიტომ მათთან ერთად წავედი. იქ ცნობილი უფოლოგი თალეს შონია და ოპერატორი დაგვხვდა, რომელიც იმ ყველაფერს ფირზე იწერდა. მერე ის კადრები ტელევიზიითაც აჩვენეს. ჯერ ვაშლი "გამოფრინდა" და იატაკზე დაეწება, მერე – პური, ბოლოს კი სამზარეულოს დანაც ისროლეს. დანა კედელს მოხვდა და იატაკზე ჩაცურდა. ჩემს შვილებს ისე შეეშინდათ, ტირილი დაიწყეს, დედა, აქედან წავიდეთო. საინტერესო ის იყო, რომ იმ ოჯახში იმ მომენტში ვაშლი და პური არ ჰქონდათ.

– ნივთებს პოლტერგეისტი ხომ არ ისროდა?

– სხვათა შორის, პოლტერგეისტის ფენომენს წლების განმავლობაში ვსწავლობდი. მაინტერესებდა, რა მოვლენასთან გვქონდა საქმე. ზოგი პოლტერგეისტს ოჯახის სულს ეძახდა. უცხოპლანეტელებმა კი სხვანაირად აგვიხსნეს. პოლტერგეისტი იგივე ენერგეტიკაა, რასაც ერთმანეთთან კონტაქტის დროს გამოიყენებთ. ამ დროს ბურთის მაგვარი მასა წარმოიქმნება და ის ხმაურობს, ნივთებს ადგილს უცვლისო. იმ შემთხევევაში კი ნივთებს უცხოპლანეტელები ისროდნენ.

– ქალბატონო ნონა, თანამიმდევრულად გვიამბეთ. იმ გოგონასთან რომ მიხვედით, თქვენი პირველი კონტაქტი მაშინ დამყარდა?

– სწორედ ასე იყო. მერე კი ჩემთან უფრო ახლო კონტაქტში შემოვიდნენ.

– რა ენაზე გესაუბრებოდნენ?

– ჩვენი კონტაქტი ტელეპატიურ ენაზე ხდებოდა. გონებაში ფრაზები შემოდიოდა და მეც ასევე ვპასუხობდი.

– ამ ნაწერებზეც გვითხარით, როგორ წერდნენ?

– როგორც გვითხრეს, ისინი იეროგლიფებით წერდნენ, მაგრამ ამ ქაღალდებზე ქართული ასოებია გამოსახული. ჩვენთან ურთიერთობისას ზოგჯერ ამ ფორმას იყენებდნენ. ქართულ ასოებს ამსგავსებდნენ. თითქოს უჩინარი წერდა, მხოლოდ ფანქარი მოძრაობდა და ასოები გამოჰყავდა. ზოგჯერ კი ფანქარი საერთოდ არ მოძრაობდა, თავისით იწერებოდა.

– ვიზუალურად თუ ხედავდით და როგორები იყვნენ?

– კი, ზოგჯერ მეჩვენებოდნენ. ისინი, ვინც ჩვენ გვეკონტაქტებოდა, მაღლები, ადამიანის მაგვარი არსებები იყვნენ. 25 სანტიმეტრიან არსებებსაც ვხედავდით. დავინტერესდი და ვკითხე, რომელი პლანეტიდან ხართ–მეთქი. მითხრეს, ჩვენ წითელი ვარსკვლავიდან ვართო. რომ გამოვთვალეთ, გამოვიდა, რომ პლანეტა ვენერადან იყვნენ.

– მათი ჩამოსვლის მიზანი რა იყო?

– ექიმები იყვნენ და სხვადასხვა დაავადებას კურნავდნენ.

– კიდევ რას გეუბნებოდნენ?

– მაგალითად, მითხრეს, რომ საქართველოში მიწისძვრა მოხდებოდა და სამი ადამიანი დაიღუპებოდა. მართლაც ასე მოხდა. რაჭასა და საჩხერეში მომხდარ მიწისძვრას სწორედ ამდენი ადამიანი ემსხვერპლა. ასევე მითხრეს, მალე ქაღალდის ჭამას დაიწყებთო. როცა პურზე ტალონები შემოვიდა, მაშინ მივხვდი, მათი ნათქვამი რასაც ნიშნავდა. კითხვებზე მოკლე პასუხებს გვაძლევდნენ. არ უყვარდათ, როცა შეკითხვებით თავს ვაბეზრებდით.

– მათთან კავშირი რატომ დაკარგეთ?

– მათთან ურთიერთობა 5 თვის მანძილზე მქონდა. მერე კი, უბრალოდ, ჩვენგან წავიდნენ. მითხრეს, რომ 17–18 წელში უკან დაბრუნდებოდნენ. ეს დრო ახლა დადგა და ვგრძნობ, რომ ისინი ბრუნდებიან. ამას იმ სხივითაც ვგრძნობ, რომელიც სახლში შემოდის. ისინი ჩვენს პლანეტას მხოლოდ სიკეთეს მოუტანენ.
კატეგორია: უცხოპლანეტელები | ნანახია: 1221 | დაამატა: kote-112 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
მოძებნე